
„აპრილის ერთ მშვენიერ დილას ხარაძიუკუს ვიწრო ქუჩაზემე ასპროცენტიანი გოგონა შემომხვდა.
ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ლამაზი იყო, არც რამე განსაკუთრებული ეცვა. თმები კეფაზე აჩეჩოდა - სახე ნამძინარევი ჰქონდა. ასაკი - ალბათ ოცდაათს მიახლოებული. და მაინც ორმოცდაათი მეტრის სიშორიდან მე მივხვდი: ეს გოგონა ასი პროცენტით მე მეკუთვნოდა. იმ წამსვე როდესაც დავინახე, გულმა ბაგაბუგი დამიწყო, და პირი უდაბნოსავით გამომიშრა.
შესაძლოა თქვენ მოგწონთ სხვანაირი გოგონები - თხელი წვივებით, დიდი თვალებით, განსაცვიფრებლად ლამაზი თითებით. შეიძლება გულში შეგივარდებათ ისეთები, რომლებიც ნაზად ჭამენ. მეც, რა თქმა უნდა მაქვს ჩემი კრიტერიუმი, მაგალითად - რესტორანში შეიძლება მივაჩერდე გვერდით მაგიდაზე მჯდომ გოგონას, თუ უეცრად მისი ცხვირი მომეწონა. თუმცა არავის არ შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური, მთლიანად ას პროცენტიანი გოგონა. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის.
იმ დილით, ჩემკენ მომავალი გოგონას ცხვირზეც კი ვერაფერს ვიტყვი, იმასაც კი: ცხვირი საერთოდ ჰქონდა თუ არა. ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია: ლამაზიაო, მასზე ვერ იტყოდით. უცნაურია ეს ყველაფერი.
შემდეგ ვინმეს მოვუყვები, რომ ქუჩაში ას პროცენტიან გოგონას შევხვდი.
- მართლა - იტყვის ის - ლამაზი გოგო იყო?
- არა, არც ისე...
- მაშინ, ისეთი, შენ გემოვნებაში რომ ჯდება?
- არც კი ვიცი. საერთოდ არაფერი არ მახსოვს მის შესახებ. როგორი თვალები ჰქონდა, ან როგორი მკერდი - დიდი თუ პატარა.
- რაღაც შენი ვერ გამიგია.
- მე თვითონაც არ მესმის.
- და რა ქენი?- შემეკითხება გულგრილად. - დაელაპარაკე? გაყევი?
- არაფერიც არ ვქენი, - ვუპასუხებ. - გავეცალეთ ერთმანეთს და მორჩა.
- ის დასავლეთისკენ წავიდა, მე -აღმოსავლეთისკენ. დილა კი უბრალოდ მშვენიერი იყო.
უნდა გამოვსაუბრებოდი, თუნდაც ნახევარი საათით. გამომეკითხა თუ ვინ არის, მომეთხრო ჩემზე. მესაუბრა ბედის უცნაურობებზე, რომელმაც ჩვენ შეგვახვედრა ხარაძიუკუს ამ ჩიხში, 1981 წლის აპრილის მშვენიერ დილას, და რომელიც უეჭველად ისე იყო კეთილი საიდუმლოებებით გადავსებული, როგორც სამყაროს მშვიდობიან პერიოდში შექმნილი ანტიკური საათის მექანიზმი.
საუბარის შემდეგ სადმე სასადილოში შევიდოდით. ვუყურებდით ვუდი ალენის ფილმს, შემდეგ გზად შევიხედავდით სასტუმროში, ბარის დახლთან თითო ჭიქა კოკტეილის დასალევად, და თუ საქმე ისე წავიდოდა, როგორც საჭიროა - ის დღე შეიძლება საწოლითაც დაგვემთავრებინა.
„ყველაფერი შესაძლებელია“ - მომესმოდა გულიდან.
ჩვენს შორის თხუთმეტიოდე მეტრიღა რჩებოდა. როგორ დაველაპარაკო მას? რით დავიწყო? - გამარჯობა. ნახევარ საათს ხომ ვერ გამომიყოფდით?
-იდიოტობა! გეფიცები პირდაპირ დაზღვევის აგენტობა.
- მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყვით, აქ ახლო მახლო სად შეიძლება სამრეცხაო იყოს? არც ეს ვარგა. თან გასარეცხად წამოღებული თეთრეულის პაკეტიც კი არ მაქვს.ან ავიღო და პირდაპირ მივახალო, როგორც არის:
- სალამი. მე მინდა გითხრა, რომ შენ მე ასი პროცენტით შემეფერები.
- არა, არ მგონია რომ ჩემი სიტყვები დაიჯეროს. თუნდაც დაიჯეროს, მოუნდება კი ჩემთან საუბარი? მეტყვის: მე შენ, შეიძლება შეგეფერები ასი პროცენტით, მაგრამ შენ მე - არა.
რა მერე? ეს ჩემთვის თავზე წამორტყმის მსგავსი იქნება. მე უკვე ოცდათორმეტი წლის ვარ. ესე იგი ვბერდები.
ერთმანეთს ყვავილების მაღაზიასთან გავუთანაბრდით. კანზე მსუბუქ თბილს სუნთქვას ვგრძნობ. სველი ასფალტიდან ვარდების სუნი მოეფინება. რატომღაც ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი არ შემიძლია. მას თეთრი სვიტერი აცვია, მარჯვენა ხელში -თეთრი კონვერტი, ჯერ კიდევ მარკა მიუწებებელია. ვიღაცას წერილი დაუწერა. ისეთი მძინარე სახე აქვს - ნამდვილად მთელი ღამე წერილის წერაში გაატარა, სხვაგვარად ვერ ავსხნი. შესაძლოა ამ კონვერტში - ყველა მისი საიდუმლოა.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ვტრიალდები, მაგრამ ის უკვე ხალხს შეერია.
* * *
aხლა, რათქმა უნდა, ვიცი, თუ რა უნდა მეთქვა მაშინ, მისთვის. თუმცა ძალიან გრძელი ამბავი გამოვიდოდა, და არ მგონია მისთვის გასაგებად ამეხსნა. თავში ყოველთვის ძნელად გამოსაყენებლი აზრები მომდის. ასე თუ ისე დავიწყებდი - „დიდი ხნის წინ „ და ასე დავამთავრებდი:“ სევდიანი ამბავია, არა?“
* * *
დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ბიჭი და გოგონა. ბიჭი თვრამეტი წლის იყომ გოგონა თექვსმეტის. ბიჭი -უბრალოდ სიმპათიური იყო. - გოგონა - არცთუ განსაკუთრებული ლამაზი. ჩვეულებრივი ბიჭი და გოგო. რომლებსაც მრავლად შეხვდებით ყველგან. მარტოები. სამაგიეროდ ბიჭმაც და გოგონამაც უეჭველად იცოდნენ რომ სადღაც დედამიწაზე ცხოვრობს გოგონა და ბიჭი, რომლებიც მათ შეესაბამებიან ასი პროცენტით. და უცბად ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ქუჩაში.
-რა საოცრებაა! -წარმოსქთვა მან.- რამდენი ხანია შენ გეძებდი. არ დამიჯერებ მაგრამ შენ ჩემი იდეალი ხარ.
- ასი პროცენტით.
- შენ კი - ჩემი. ზუსტად ასეთი წარმომედგინე. თითქოს სიზმარში ვარ.
ბიჭი და გოგონა პარკში გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ და ძალიან დიდხანს საუბრობდნენ. ისინი უკვე აღარ იყვნენ მარტოები. მათი შეხვედრა იყო საოცრება, სასწაული. მაგრამ მათ სულებში თითქოს მაინც პატარა, სულ ციცქნა ეჭვის ნაპერწკალი გაკრთა. მართლა კარგია, ოცნება რომ ასე მარტივად სრულდება?!
საუბარი ერთი წუთით შეწყდა და ბიჭმა უთხრა:
- მოდი, გინდა გადავამოწმოთ? თუ მართლა ასი პროცენტით გვიყვარს ერთმანეთი, მაშინ თავის დროზე აუცილებლად შევხვდებით სხვაგან. და თუ მაშინ მივხვდებით რომ ეს ასეა, მაშინვე დავქორწინდებით. კარგი?
- კარგი, - უპასუხა გოგონამ.
და ისინი დაშორდნენ.
სიმართლე რომ ითქვას, ამ გამოცდას არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან მათ შორის ნამდვილი ას პროცენტიანი სიყვარული იყო. და ბედმა სასტიკად იხუმრა მათზე. ზამთარში ორივე ავად გახდა- იმ წელს სასტიკი გრიპი მძვინვარებდა. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებული რამდენიმე კვირა იმით დასრულდა, რომ საყვარლებმა წარსული საერთოდ დაივიწყეს, და როცა გონს მოეგნენ და თვალები გაახილეს, თავი ისე გამოცარიელებული ჰქონდათ, როგორც D.H. Lawrence- ის ყულაბა, მისი ახალგაზრდობის წლებში.
მაგრამ მათ ჰქონდათ ბრწყინვალე გონება და მტკიცე მოთმინება. ბიჭი და გოგონა ძალისხმევას არ იშურებდნენ. შეიძინეს ახალი ცოდნა, გამოზარდეს ახალი გრძნობები საკუთარ თავში და კვლავ შეძლეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრებად გახდომა. ისწავლეს მეტროპოლიტენის ერთი ხაზიდან მეორეზე, გადაკვეთა, წერილების და ამანათების გაგზავნა და თვით სიყვარულიც კი შეიცნეს- - სამოცდათხუთმეტი, ან თუნდაც ოთხმოცდახუთი პროცენტით.
დრო საოცარი სისწრაფით მიფრინავდა: მალე ბიჭი ოცდათორმეტი წლის გახდა, გოგონა კი - ოცდაათის.
და აი, აპრილის ერთ მშვენიერ დილას ის ჰარაძიუკუს ქუჩას მიუყვებოდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, სადმე ფინჯანი ყავის დასალევად. გოგონა იმავე ქუჩაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართებოდა - წერილზე დასაკრავი მარკის შესაძენად. ისინი ზუსტად ქუჩის შუა ნაწილში შეხვდნენ ერთმანეთს და დაკარგული მოგონებების სუსტი ანარეკლი წამით გაკრთა მათ გულში:
" ეს ხომ ჩემი გოგონაა, ჩემი - ასი პროცენტით!"
"ეს ხომ ის არის, ჩემო ბიჭი, „ჩემი - ასი პროცენტით!“
მაგრამ ანარეკლი ზედმეტად სუსტი იყო, და მათი აზრები აღარ იყო ისეთი სუფთა და ნათელი, როგორც თოთხმეტი წლის წინ. ისინი წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით, ისე, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ, და გაუჩინარდნენ ხალხის მასაში. სამუდამოდ.
სევდიანი ამბავია, არა?“
------------------------------------------
- აი, რა უნდა მეთქვა მისთვის.
თარგმნა ინგლისურიდან - დ. მალიძე
2021