გრავიოლა

რა არის გრავიოლა, გრავიოლას მოქმედების მექანიზმი, რომელი დაავადებების დროს გამოიყენება გრავიოლა

დაწვრილებით

კარდიოლოგია

კონსულტაციები, გაიდლაინები, კითხვა-პასუხი, სამკურნალო საშუალებები...

დაწვრილებით

ონკოლოგია

სიახლეები, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებები, რჩევები...

დაწვრილებით

პრეპარატები

გრავიოლა/გუანაბანა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები/მინერალები, სტრესი და ნერვული სისტემა, გულის და სისხლძარღვები, ათეროსკლეროზი, ქალის ჯანმრთელობა

დაწვრილებით

წვიმა ხატავს პორტრეტს შენს

"წვიმა ხატავს პორტრეტს შენს"

rain window 1

პორტ ბაია ბლანკაში ჩასვლიდან მეორე დღეს  გემის ეკიპაჟსა და ადგილობრივი პორტის თანამშრომლებს შორის საფეხბურთო მატჩი შდგა.  არგენტინა  იმ პერიოდში მსოფლიო ჩემპიონი იყო ფეხბურთში და თითქმის მთელი ქალაქი ცისფერ თეთრ ზოლებიან მაისურებში დადიოდა, ყოველ მესამეს - 10 ნომერი ეცვა მარადონას საპატივსაცემოდ. არგენტინა ძალიან ჰგავდა საქართველოს ბუნებით და მოუწესრიგებლობით.  ოღრო-ჩოღრო მოედანი, ბალახით ალაგ-ალაგ იყო დაფარული.  თითქმის ერთ თვიან მგზავრობას, ატლანტიკის ოკეანის გადასერვით მათ კონდიციებზე ცუდად  ემოქმედა და ზანტად ირჯებოდნენ. შესვენების დროს ნიკმა სტადიონის მეორე მხარეს, ადგილობრივი, ის უძველესი პროფესიის წარმომადგენლები დალანდა, წინა დღეს მათ გემს, რომ სტუმრობდნენ  და მეზღვაურებს სავიზიტო ბარათები დაურიგეს. განივად გაშლილ, ქვედა სამოსისა და ბარძაყების ვერ დამფარავ კაბებში -  ბალერინებს ჰგავდნენ. ნიკმა  მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს შენიშნა,  რომ მათი გუნდის 3 ძირითადი მოთამაშე სტადიონიდან ჩუმად გაპარულიყო და მათ მაგივრად გემის მზარეული, ოფიციანტი და ასაკში შესული ზახარიჩი შემოსულიყო. მიხვდა  მათი გასვლა, ლამაზმანებს დამსახურება რომ იყო, თუმცა ძნელი იყო მათი გამტყუნება ხანგრძლივი რეისის შემდეგ, ფეხბურთს ქალი რომ არჩიეს.

        გემზე დაბრუნებისა და შხაპის მიღების შემდეგ, მის კაიუტაში, ტახტზე წამოწოლილი ნიკი,  არგენტინაში ნაყიდ კლასიკური მუსიკის კასეტას  უსმენდა, -  გემის ელექტრიკი, ბათუმელი, მაღალი შავგრემანი სიმპათიური ბიჭი რომ შემოვიდა. „კურილკაში  ძირითადად ჩუმად მჯდომი გოგა,  იშვიათად ლაპარაკობდა, ძირითადად  ფერადი წვრილი მავთულებით  თევზებს წნავდა, რომელსაც ინდოეთში შეძენილი გამჭირვალე ქვებით თვალს უკეთებდა. ერთი ასეთი თევზი ნიკისთვისაც ჰქონდა ნაჩუქარი.

- დოკ! საქმე მაქვს შენთან. გოგამ ჩუმად ჩაილაპარაკა და უცხოურ წარწერებიანი ბოთლი დაანახა

- შეიძლება ამის დალევა? თქვა და ბოთლი გაუწოდა. ლიტრიან ბოთლს   ბოლოში ესპანურად ეწერა “Alcohol técnico” .

-      გააფრინეთ?! ტექნიკური სპირტია, ხედავ ჩონჩხი ახატია!

-      ხო, დალევა  გვინდოდა! - დურსუნამ შეამჩნია,  წადი ექიმს აჩვენეო.

-  ვინ მოგცათ ?

- აფთიაქში ვიყიდეთ.

- სუფთა სპირტი გეყიდათ?!

- რომ ვყიდულობდი, აფთიქარმა გვითხრა  - რუსოო?! -  გოგამ ნათქვმს ყელზე თითის მირტყმის ჟესტი დააყოლა.   ხელები გავასავსავე  - ნოუ ნოუო... ხოდა იმანაც ეს ბოთლი მომცა.

ნიკს გაეცინა.

- დალიეთ რა! მერე   ვერაფერს გიშველით.

- არა დოქტორ! თავს ხომ არდავიბრიდავთ“ - შენ დაგიტოვებ.

გოგამ ბოთლი მაგიდაზე დადო და კარისკენ გასწია, მაგრამ  კარებთან შემოტრიალდა და ნიკს მორიდებულად შესთხოვა.-დოკ,   სუფთა სპირტი ხომ არ გაქვს შემონახული?

- კი, მაგრამ იოდი მაქვს შიგნით ჩაყრილი. ნიკმა უკვე გამზადებული და მრავალჯერ გამეორებული პასუხი გასცა.  ბაზიდან აღებული კუთვნილი სუფთა სპირტი ყოველთვის  მეზღვაურებთან ეხარჯებოდა - სანამ ერთმა არ ასწავლა  - იოდი ჩაასხიო.

- დოკ! მომეცი ეგ სპირტი

- რა? ახლა გინდათ იოდით მოიწამლოთ?

- გოგას გაეცინა.  ასკორბინის მჟავა გაქვს?

ნიკმა კარადიდან ასკორბინის მჟავა გამოუღო.

გოგამ პატარა კოვზით ასკორბინის მჟავა სპირტში ჩაყარა. ცოტა ხნის შემდეგ. მთელი იოდი ქვემოთ დაილექა. გოგამ ზემოთ დარჩენილი სპირტი ცარიელ ბოთლში გადმოასხა.

- კარგიალკაშიყოფილხარ, რატომ არ წახვედი საროსკიპოში? შეეკითხა  სიცილით.

- დოკ „По разврату”  ჩემი საქმე არ არის, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია. აი „По буфету“ კი მიყვარს, თქვა გოგამ და მეზღვაურულად მიანიშნა    

        რომ დალევა უყვარდა.

- ცოლი სადაური გყავს? აჭარელი?

- არა დოკ - წარმოშობით სურამიდანაა, თუ, იცი? მაგრამ ახლა მისი მშობლები რუსთავში ცხოვრობენ.

- სურამში?  მართლა? რა თქმა უნდა, ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. რა ჰქვია?

- მადონა

- მადონა? ტუჩთან მარჯვენა მხარეს ხალი ხომ არ აქვს? ნიკს მწველად მოხვდა გულში ეს სახელი.

- კი დოკ. გაოცებით გამოიხედა გოგამ. იცნობ?

- ბებიამის ბაბუცა ხომ არ ერქვა?

- კი! ...

         სურამი, მადონა, ბაბუცა.  ამ სახელებმა ნიკის   მეხსიერება ოციოდე წლის წინ გადააგდო  და ისეთი რამე გაახსენა, რომელიც ძვირფასი    

       მარგალიტივით ჩამალულიყო მის  მეხიერებაში და გარსი გაეკეთებინა.

სურამი, საქართველოს ეს საოცარი ადგილი, ანტიკური ხანის  მნიშვნელოვანი ქალაქი,   რომლის რომანტიული ლეგენდის მქონე ციხე-სიმაგრე, ნადირ- შაჰმაც კი ვერ აიღო მიუხედავად უამრავი ლაშქრობისა - უკვე დაბად გადაქცეული -  მე 20 საუკუნის 70 წლებში ნამდვილი კომუნისტური საზოგადოებისზეობაშიიმყოფებოდა, შემდგომ უძრაობის პერიოდად რომ მონათლავდნენ.   მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ძველი ხის სახლების ნაცვლად აგურის ორსართულიანი სასახლეები აეშენებინა. თითქმის ყველას სამუშაო ჰქონდა. უმეტესობა სურამის მინისტარის და საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა, დანარჩენები ხაშურში საგალანტერეო და აგურის ქარხნებში. კოლმეურნეობებიდან გაზ 53 მანქანის ძარაზე შემომსხდარი ბამბაზიის ქსოვილით შეკერილ ფორმიანი  გლეხები სახლში,  მხიარული შეძახილებით და მამა-პაპური სიმღერებით ბრუნდებოდნენ.   საღამოს ერთმანეთში გადაპატიჟებებში ეჯიბრებოდნენ. საჭმელ - სასმელი და ღვინო ყველას საკმარისი ჰქონდა. საღამოს მთელი სურამიმხიარულობდა და  ზუზუნებდა“. დილით კი ხუმრობებით დაიჩებისმიმართვით მიემართებოდნენ სამსახურში, ავტობუსით  და ბილეთის საფასურის მძღოლთან გადახდის დასასწრებად ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.

   რვა  წლის ნიკს განსაკუთრებით სახლების მშენებლობა აინტერესებდა. ხელოსნებთან მეგობრობდა და  დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს, სახლის შენების პროცესს. ხან ერთ მეზობელთან გადავიდოდა საყურებლად, ხან მეორესთან. ბოლოს გადაწყვიტა თვითონაც აეშენებინა პატარა სახლი -  ბრტყელი ქვებით და ტალახით. სახლის აშენება, ოთახების განაწილება და ფანჯრების რაოდენობა  გვერდით მეზობლის მშენებარე სახლის მსგავსად გადაწყვიტა.  ორღობეში აგროვებულ ბრტყელ ქვებს, წყალში აზელილი ტალახის საშუალებით ერთმანეთზე აწყობდა  და სახლს თანდათან აშენებდა.

ნიკს ამდენი ხნის შემდეგაც კი ზუსტად გაახსენდა წუთი, როდესაც ორღობეში  ზემოთ მიმავალ ბავშვთა გუნდიდან ერთი პატარა  გოგონა გამოეყო და მას  ღობის ჭრილიდან დაუწყო ყურება, შემდეგ ეზოში შემოვიდა და თხოვა ეყურებინა, თუ როგორ აშენებდა სახლს. ბიჭი დაეთანხმა, და შინაგანად იგრძნო, რომ ეს გოგონა სახლის აშენების ხალის შემატებდა. ცოტა ხანში გოგონამ დახმარება შესთავაზა. ხან ქვები მოჰქონდა ორღობიდან, ხან წყალი, ხან ტალახს ზელდა. ერთადერთი ნიკმა სახლის კედლების ამოშენების ნება არ მისცა. ცოტა ხნის შემდეგ  ბიჭი უკვე მოუთმენლად ელოდა, როდესაც ბაბუცა, მისი ბებია მოიყვანდა გოგოს, მასთან დატოვებდა, თვითონ კი ბებიამისთან ან მეზობლის ქალებთან საჭორაოდ ჩამოჯდებოდა. როდესაცმუშაობითიღლებოდნენ  ბებიამისს პატარები სახლში შეჰყავდა და ასადილებდა. ერთხელ ნიკი და მადონა სურამის კინოშიც მოხვდნენ ერთად ინდურ ფილმზე  სიყვარულის საიდუმლო  - როდესაც ისინი დიდმა მეზობელმა ბიჭმა წაიყვანა თავის შეყვარებულ გოგოსთან ერთად. კინოდან დაბრუნებული მადონა აღტაცებული იყო ინდური სიმღერებით და ცეკვებით. მეორე დღეს ნიკს განუცხადა- მსახიობი უნდა გამოვიდეო. შეეხვეწა - შენც მსახიობი გამოდი და კინოში ერთად ვითამაშოდ შეყვარებულებიო, მაგრამ პატარა ნიკმა გადაჭრით უთხრა,  მსახიობობა ჩემი საქმე არ არის -  მშენებელი უნდა გამოვიდეო.

სახლი ლამაზი გამოუვიდათ.  სახურავიც გადახურეს და მომავალ  წელს , როდესაც სურამში ჩამოვიდოდნენ მეორე სართულიც უნდა დაეშენებინათ თავზე. მაშინ პატარებმა კიდევ არ იცოდნენ, რომ მადონას მშობლებს სურამის სახლი გაეყიდათ  და რუსთავში აპირებდნენ გადასახლებას. ახლა 20 წლის შემდეგაც კი ნათლად  ახსოვდა თუ, როგორი  სიცარიელე იგრძნო მეორე დღეს, როდესაც მადონა ქალაქში წაიყვანეს.

მეორე ზაფხულს ბიჭმა ლამის ტირილი დაიწყო, როდესაც მისი აშენებეული სახლი დაშლილი და მიწასთან მოსწორებული დახვდა. იმ წლის შემოდგომაზე მეზობელი, რომელიც ნამდვილ სახლს აშენებდა ავარიით გარდაცვლილიყო და  ქელეხის სუფრა მათ ეზოშიც გაეშალათ. ეს პატარა სახლი ფეხებში მოდებოდათ და დაენგრიათ...აღარც მადონა ჩამოსულა იმ წელს...მერე კი, როგორც ხდება ხოლმე -  თანდათან გადაავიწყდა...

ოდესაში დაბრუნებისას,  ზაფხული უკვე მიწურულიყო  და შემოდგომას უთმობდა ესტაფეტას.   რეიდზე დაყენებულ გემზე სან - ეპიდემიოლოგები და მესაზღვრეები თითქმის შუაღამემდე მუშაობდნე. მეორე დღეს ნიკმა მხოლოდ დღის 12 საათზე გაიღვიძა, ისაუზმა და გემბანზე გამოსულმა ოდესის სილუეტს გადახედა. მეზღვაურისთვის ოდესაში მისვლა დღესასწაული იყო. ასეთი მშვიდობიანი და იუმორის მოყვარული ხალხი ნიკს არსად არ ეგულებოდა. ნებისმიერი საქმის გაკეთება შეიძლებოდა ან ფულით ან ხუმრობით.

ნიკი გეგმებს აწყობდა, დრო როგორ გაეტარებინა, სანამ მისი შემცვლელი ჩამოვიდოდა.

-დოკ! შეგიძლია ჩემთან ჩამოხვიდე კაიუტაში, ვიღაცა უნდა განახო. უცბად უკნიდან გოგას ხმა მოესმა.

- ნიკს გულმა რეჩხი უყო და არც შემცდარა. კაიუტაში გოგას ცოლი ზურგით იდგა და ილუმინატორიდან იცქირებოდა. კარების ჭრიალზე შემოტრიალდა. გიშრისფერი კულულები მხრებამდე წვდებოდა. სპილოსძვლისფერი ქართულ სახეზე  ბორჟომის  ტყის ფიჭვის ელფერის მწვანთვალები უელვარებდა. მისი შხვართი და უნაკლო ტანფეხი შემოტკვარცულ ჯინსში უფრო იკვეთებოდა და მის ქალურობას უფრო მეტად უსვამდა ხაზს.  რომ არა ტუჩის ზემოთ ხალი მარჯვენა მხარეს,  ნიკს აზრადაც არ მოუვიდოდა,  რომ მის წინ 20 წლის წინანდელი პატარა გოგონა იდგა- უკვე გაზრდილი და დამშვენებული, რომლის ნახვაც ძალიან მონატრებოდა.

- იცანი დოკ!?-შეეკითხა გოგა

- ტუჩზე ხალი რომ არა - ვერა. ნიკამ მადონას შორიდან გაუღიმა

-მე კი მაშინვე გიცანი,  შენი ცისფერი თვალებით და გადაკეცილი ყურით -ღიმილით მიმართა მადონამ.

გოგამ კარადიდან მადონას ჩამოტანილი სომხური კონიაკი გამოიღო და სუჯუკი დაჭრა. - ხომ ჯობს ტექნიკურ სპირტს  დოკ?! უთხრა და პატარა ჭიქებში ჩამოასხა.

მადონა დიდხანს უხსნიდა ქმარს, თუ დღემდე როგორ  ენატრებოდა სურამი, მისი ტყეები, პარკები და ის პატარა სახლი რომელიც ერთად ჰქონდათ აშენებული. ნიკს ალკოჰოლი კარგად მოეკიდა და ბოლო ჭიქის დაცლისას მკაფიოდ გრძნობდა, რომ პატარა სურამელი გოგოს მაგივრად მის წინ საკმაოდ სექსუალური, ლამაზი და მიმზიდველი ქალი იდგა

- თვით მადონაზეც კი უკეთესი ხარ -  უთხრა დამშვიდობებისას და იმ დროისთვის მეტად პოპულარულ მომღერალ ლუიზა ჩიკონეზე მიანიშნა, რომელსაც ზუსტად ზედა ტუჩთან მასავით ხალი ჰქონდა.

        მეორე დღესპახმელიაზე”- ძლივს გაიღვიძა.

გემზე ერთი ალიაქოთი ამტყდარიყო. საწვავის გადაქაჩვის მექანიზმები გადამწვარიყო. გემის ტანკერები დიზელით ვერ ივსებოდა. გემის ყველა მექანიკოსი, ჩართული იყო გემის შეკეთებაში. კაპიტანი ცუდ ხასიათზე იყო რადგან თითოეული გაცდენილი დღისთვის ზედმეტი თანხა იყო გადასახდელი და გრძნობდა რომ ბათუმის სანაოსნოს მმართველობიდან მოხვდებოდა. ყველაზე მეტი საქმე ელექტრომექანიკს და ელექტრიკს დასწოლოდა.

-  საღამოს ხუთ საათზე - დათხვრილი ლურჯი სამუშაო ფორმით, შუბლზე მურწასმული, სახეშეწუხებული გოგა შემოვიდა.

- დოკ ! სათხოვარი მაქვს შენთან. საღამოს მადონა უნდა გამეყვანა ქალაქში, მაგრამ ხომ ხედავ,  მანქანაში  ვარ ჩამძვრალი. ძმურად შეგიძლია ქალაქში გაასეირნო?

ნიკი  ამას არ ელოდა  და შემცბარი დათანხმდა. ორი გრძნობა ერთად გაუჩნდა. ერთი უხერხულობის -   არ იცოდა რა ეთქვა, როგორ ემოქმედა მადონასთან, მეორე  - კი ჯერ არ განცდილი, მაინტრიგებელი და ცნობისმოყვარული.

       მადონა ექვსი  საათისთვის პორტის გამოსასვლელთან დახვდა. ჯინსის მაგივრად მეწამული ლამაზი კაბა ჩაეცვა გვერდზე ჭრილით, თვალები შეეღება და თითქოს  ოდესის  ჩამავალი მზის მაგივრად აპირებდა ნათებას.

ნიკი აჟიტირებული იყო. ახარებდა ოდესის ხალისიანი ხალხი, გრძნობდა  მათ  ოდნავ გახანგრძლივებულ გამოხედვებს, მის გვერდით

საინტერესო ქალის შემჩნევისას. გამოსვლისთანავე გზაში სასტუმროუკრაინისლამაზმანი -  ელენა შეხვდა.  დიდის ამბით გადაეხვია და მოიკითხა, თან მადონას დაჟინებით შესცქეროდა.

- ვინ არის? თვალით ანიშნა მადონაზე

- ჩემი ცოლია, ბათუმიდან ჩამომაკითხა - უთხრა ნიკმა, სპეციალურად რომ მის აქაურ ქალბატონებს მადონას მიმართ აგრესია არ გამოეჩინათ.

- გემოვნება გაქვს!!! - ელენამ მიულოცა და ეშმაკუნა თვალებით თავის გზაზე გასწია.

- ბევრი გყავს ასეთი დაქალოჩკები?- წარბაწეული ღიმილით შეეკითხა მადონა.

ნიკს დამნაშავესავით ჩაეღიმა.

- პოტიომკინის  კიბეებით ასვლის შემდეგ დერიბასოვის ქუჩაზე გავიდნენ. გრაფ რიშელიეს ქანდაკება, ოპერა და ოდესის ფერისცვალების ტაძარი დაათვალიერეს  და ზღვისპირა ბულვარში ლამაზ გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ, საიდანაც  შავის ზღვის ფონზე, ოდესის პორტი ხელისგულივით მოჩანდა.

მზე საამოდ ანათებდა, მაგრამ აღარ ათბობდა. ნიკი ხანგრძლივად  გემზე ყოფნის შემდეგ თავს საუცხოოდ გრძნობდა, და რომ შესძლებოდა, მთელ დანარჩენ დროს აქ გაატარებდა საუბარში. კინოში მისი შეყვანა ბავშვობად მიაჩნდა, კაფეში- ბანალურად.  სხვა ქალს რესტორანუკრაინაშიწაიყვანდა, მაგრამ მადონა იმ უხამსი რესტორნისთვის არ ემეტებოდა.   ბოლოს მოსინჯა და მადონა ოდესის ყველაზე უფრო რესპექტაბელურ რესტორანში დაპატიჟა.

- რესტორანი, დოკ?  გაეცინა მადონას! რატომაც არა,  მართალია გოგამ მარტო ჩემი გასეირნება გთხოვა, მაგრამ გოგამდე ხომ შენ გიცნობდი?! ახლა მე შენი ბავშვობის მეგობარი ვარ და არა გოგას ცოლი

- მეგობარი? შენ არც კი იცი, თუ  როგორ ვიყავი შენზე შეყვარებული, როგორ გელოდებოდი მეორე წელს?-ღიმილით უთხრა ნიკმა

- და მე?!... როგორ ვეჩხუბებოდი ბებიაჩემს, მეორე წელს სურამში რომ ჩავეყვანე,  ჩვენი აშენებული სახლი მენატრებოდა. ნეტა ისევ ისეა ის სახლი?

- აბა რა! ქონგურები გავუკეთე და დავაწერემადონასსახლი.

ორივეს გულიანად გაეცინა..

ბულვარის კუთხეში ტაქსი გააჩერა და მძღოლს რესტორანკრასნაია“ -ში თხოვა წაყვანა. 

ორივე  უკან ჩაჯდა. მადონას კაბა მუხლებზე გადაეწია  და ნიკმა ძლივს მოაცილა თვალები მის უზადო მუხლებს.

-“Дружочки” -   მაშ რესტორნისკენ? მართალი გადაწყვეტილებაა. დაიწყო ტაქსის მძღოლმა ოდესურად. ნიკს უყვარდა ოდესელი ტაქსისტები, მაგრამ ამჯერად საუბარში აღარ შეჰყვა. ტაქსმა დერიბასოვიდან, ბუნინის ქუჩის გადაჭრით პუშკინის ქუჩისკენ აუხვია. მადონასნინა რიჩი“ - სუნამოს სუნი მთელ სალონს მოედო.

      -      კარგი ქმარი გყავსწამოიწყო საუბარი ნიკმა

- კარგი ბიჭია რომ არ სვამდეს..

- რას ამბობ, მაგის პირში წვეთი ალკოჰოლი, არ დამინახავს - იცრუა  ნიკმა

- კარგი შენ ხარ! „ბელარუჩკაექიმი, ჩამოხვედი მიწაზე და ადამიანურად ისვენებ, ის კი გემშია შემძვრალი, მოთხუპნული.  მადონამ ფანჯრისკენ გაიხედა

- ტაქსმა პუშკინის 15 ნომერთან გააჩერა და იტალიელების მიერ აშენებული ძველადბრისტოლადწოდებული  სასტუმრო სასტუმროკრასნაია“,  მისი რესტორნით, მთელი თავისი დიდებულებით თვალწინ გადაეშალათ.  მიუხედავად შენობის მასიურობისა - არქიტექტორის მიერ როკოკოს სტილის  შერწყმა,  კედლების ნათელ შუქჩრდილებთან - შენობას დახვეწილ და ჰაეროვან იერს აძლევდა.

სასტუმროს საპარადო შესასვლელის თავზე ბედნიერების მიმნიჭებელი ჰერმესი და რიზალიტების აივნების  ნიშაში შემალული ამურები, სტუმრებს რესტორანში შესვლისთანავე  ლხინისა და თავგადასავლების განწყობას უქმნიდა.

ნაცნობმა პორტიემ ისე გაუღიმა, თითქოს მთელი სამი თვე მას ელოდებოდა. ზედმეტი თხოვნა არც დასჭირვებია, საუკეთესო ადგილზე დასვა სადაც მთელი რესტორანი ხელის გულივით მოჩანდა და მუსიკის დამკვრელებთანაც საკმაოდ მოშორებით იყო.

მადონა გამოხატული აღფრთოვანებით  შესცქეროდა  რესტორნის მდიდრული ინტერიერს და იქ მყოფ სასიამოვნო პუბლიკას.  იდაყვებამდე გრძელ ხელთათამანიანი ქალბატონები, ბლანჟებიანი მამაკაცები დახვეწილი მანერებით ტელეფილმებში ნანახ მე 19 საუკუნი ოდესას აგონებდა ნიკს.  მოდურად ჩაცმული მეძავებიც კი კულტურულად იქცეოდნენ. აქა-იქ ისხდნენ მაგიდებზე და და თავიანთ საკბილოს  ელოდნენ.   

     მუსიკოსებმა აუცილებელი საბჭოთა სიმღერები მოითავეს და თავისუფალ მელოდიებზე გადავიდნენ. კარგად უკრავდნენ. ნიკმა თეთრ ხელთათმანიან და წინამხარზე თეთრ ტილო გადაკიდებულ  ოფიციანტს ყირიმული მუსკატი მოატანინა.  მადონას ღვინო მოეწონა, ცოტ-ცოტას სვამდა  და ლაპარაკის საღერღელიც ნელ ნელა ეშლებოდა. გრძნობდა, რომ ყურადღების ცენტრში იყო და პუბლიკა შეფარვით აპარებდა თვალს მისკენ. ნელ მუსიკაზე გადასვლისას ნიკს  გვერდზე მსხდომი წვერებიანი სიმპთიური მამაკაცი მიუახლოვდა და სთხოვა ნება დაერთო მის  ქალბატონთან ეცეკვა. ნიკი დაიძაბა, თუმცა მაშინვე დამშვიდდა, როდესაც მადონამ ზრდილობიანად უარი უთხრა  წინადადებაზე. ცოტა ხანში ნიკთან   ქერათმიანი ელეგანტური ნელია, მივიდა, რომელზეც ნიკს  მეგობრებისგან სმენოდა მის  საარაკო სექსუალურ პოტენციალის შესახებ.

- დოქტორი არ ინებებს მოწყენილ მარტოხელა ქალბატონთან ცეკვას და მის გამხიარულებას!? -ნიკს ესიამოვნა, რომ ეს მართლაც მომხიბვლელიღამის პეპელა  მისით დაინტერესებულიყო -  მადონას  მზერა გვერდზე ჰქონდა გადატანილი, თუმცა სახეზე ოდნავ დაძაბულობა ეტყობოდა.

  - დიდი სიამოვნებით, მაგრამ, ჩემი ქალბატონი არ მრთავს ნებას, ვერ შევეწინააღმდეგები, მომკლავს - ქართველია. შეჰღიმა ნიკმა ქერათმიანს.

ნელიასთან ერთად მადონასაც გაეცინა და სიამოვნების ტალღამ გადაუარა სახეზე.

- არც მე მეცეკვებით ექიმო! ისეთი ნაზი ხმით მიმართა  მადონამ, თითქოს განშორების ეს 20 წელი არც არსებულიყო.

ნიკს ღიმილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშორებული სახიდან. მასთან ცეკვა თვითონაც უნდოდა, მაგრამ მასთან აქტიურობას ერიდებოდა. მუსიკოსები სტივ ვანდერის  - „I just called you” იწყებდნენ.

საცეკვაო მოედნის ცენტრში,  მათ სხვა წყვილებიც შეუერთდა, მათში ჩაკარგული  ნიკი კომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან ყურადღების ცენტრში ყოფნა არ სურდა. მუსიკაც და მისი ტექსტიც საოცრად შეესაბამებოდა მის განწყობას. მადონას თვალებში სიხარულის და კმაყოფილების შუქი ბრწყინავდა, ნიკს მთელი ტანით მაზე მიკრობილი და მინდობილი მადონასგან მისი სუნთქვა ყურში ჩაესმოდა. ნიკი დიდხანს ცეკვას ვერ იტანდა, მაგრამ ეს მელოდია უნდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო.

ცეკვის დამთავრებისთანავე მუსიკოსებმა, ნიკის  გასაოცრად,  იმ წლის ჰიტი სიმღერამადონამოაყოლეს. მადონამ ნიკს გაბრწყინებული თვალებით შეხედა ეგონა ეს სიმღერა ნიკის შეკვეთილი იყო. ნიკმაც შეიფერა.

გამჭირვალე თვალებს მწველს

წვიმა ხატავს პორტრეტს -  შენს

მაგრამ ქრება მაშინვე,

სახე შენი  -  მადონა.... „

მღეროდა ფონოგრამაზე, ბაკენბარდებიანი მომღერალი.  ნიკმა იგრძნო  რომ განუწყვეტლივ შესქცეროდა მადონას სახეში, და ვერ გაეგო რა სურდა: - სამუდამოდ დაემახსოვრებინა, თუ არასოდეს დაევიწყებინა მისი სახე. სასტუმროს გარეთ მოულოდნელად წამოსულ წვიმას რესტორნის ფანჯრები დაეორთქლა და მის წვეთებს  თითქოს მადონას პორტრეტი გამოეყვანა ვენეციურ მინაზე.

ღვინის, მუსიკისა და მადონასგან თავბრუდასხმულს აღარც ახსოვდა, თუ როგორ მივიდნენ პორტში ტაქსით. გარეთ ისევ წვიმდა  და ქარიც ქროდა, როგორც  შემოდგომის პირველი გამოვლინება.  ერთი ახსოვდა მხოლოდ - მთელი გზის განმავლობაში  მისი ხელი ეჭირა, თითქოს ცეკვას აგრძელებსო.

პორტის შესასვლელში  მორიგე მესაზღვრემ უთხრა,  რომ მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, რეიდზე მდგარ გემთან რეისი არ შედგებოდა.

როდესაც გემზე რეკავდა გოგასთვის ამ ამბის შესატყობინებლად მადონას უმზერდა. მადონა მშვიდად გაჰყურებდა ცის ჭექა ქუხილს, თითქოს ამ მოვლენის გარდა სხვა არაფერი აინტერესებდა.

პორტის გვერდით მეზღვაურთა სასტუმროში მკლავ გაყრილები მოვიდნენ. ოდნავღა წინწკლავდა.

- ცოლ ქმარი ხართ? შეეკითხა კონსიერჟე

- არა! -  უპასუხმა ნიკმა და მადონას ცალკე აუღო ნომერი. კიბეებზე ნელა ავიდნენ. დერეფანში, მრუმე სინათლის ფონზე სიჩუმე გამეფებულიყო.  ყველას ეძინა უკვე.  მადონა მიაცილა თავის ნომერთან  და გამოსამშვიდებლად გაჩერდა.  მადონას ყურებსა და წამწამებზე წვიმის წვეთები მარგალიტებივით ჩამოკიდებულიყო. გული საშინლად უცემდა.  არ იცოდა ერთი წუთის შემდეგ რა იქნებოდა. მადონამ მადლობა გადაუხადა, მოეხვია და  თავი მხარზე დაადო. ერთი კოცნა რომელიმე მხროდან და მათი მოქმედებები სიშლეგეში გადაიზრდებოდა.   ნიკს გაურკვეველმა  ძალამ აიძულა და   მადონას თავი ფრთხილად ააღებინა  მხრიდან.

მეორე დღეს ნიკმა გემზე კატერით მიაცილა მადონა და შემდეგ არც ის,  და არც გოგა   აღარ უნახავს. მისი  შემცვლელი ექიმი ჩამოვიდა და იმავე საღამოს ოდესიდან თბილისში გადმოფრინდა...

         ხუთიოდე  წლის შემდეგ როდესაც ნიკს უკვე მეზღვაურული ცხოვრებისთის თავი ჰქონდა დანებებული, ბათუმის ბულვარზე დურსუნას, გოგას მეგობრის მაშინდელი მე 4 მექანიკოსის ღიმილიანი სახე შეეფეთა, რომელიც ახლა უკვე მე- 2 მექანიკოსად დაეწინაურებინათ. ნიკის საყვარელ, იმ კაფეში დასხდნენ, რომელიც  პირდაპირ პორტს უყურებდა. პორტში 2 გემი შემოსულიყო და ერთიც რეიდზე იდგა. ნიკს ახლა საზღვაო პასპორტი აღარ ჰქონდა და პორტში  სასაზღვრო პუნქტის იქით შესვლა აღარ შეეძლო. გული ჩაწყდა. აჭარულ ხაჭაპურებს პატარა ჭიქებით კონიაკი მიაყოლეს და ნიკმა გემის ბიჭები მოიკითხა.

- კარგად არიან,  ახლა უმეტესობა რეისშია თორემ შევიკრიბებოდით. მცირე პაუზის შემდეგ დაამატა -  გოგას ამბავი კი გეცოდენება.

-რა ამბავი? დაიძაბა ნიკი

- არ იცი? გოგა აღარ გვყავს, გარდაიცვალა! სევდიანად ჩაილაპარაკა დურსუნამ.

- როდის? - ხმა ჩაწყეტილმა კითხა ნიკმა

- ერთი წელი ხდება უკვე, შარშან ჩამოვასვენეთ გემით არგენტინიდანრიბნიკამერით

- არაყი ხომ?!

- ხო არაყი, ბოლოს ბევრს სვამდა უკვე, არგენტინის პორტში დაულევია, ვერც გავიგეთ ვისთან ერთად. უკან რომ წამოვედით ცუდად გახდა, სულ გაყვითლდა გონება დაკარგა და მალე გარდაიცვალა.  ექიმმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

ნიკმა დურსუნას სიგარეტი გამოართვა და გააბოლა

- მადონა როგორ არის?

- არ ვიცი. გოგას ორმოცის  შემდეგ აღარ მინახავს. ამბობენ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად ბავშვთან ერთადო. ისე ბოლოს ვეღარ ქონდათ ურთიერთობა კარგად. ამიტომაც გოგამ სმას უმატა.

სიჩუმე ჩამოვარდა. კონიაკი მოქმედებდა უკვე. ნიკი ღრმა ნაფაზდარტყმული ბოლის ფონზე ზღვაზე მდგომ შორეულ გემებს გასცქეროდა, კაფეს ილუმინატორის მსგავსი ფანჯრიდან და ცდილობდა გოგას ღიმილიანი სახე აღედგინა.

- ნათელში იყოს გოგა! ნიკმა ჭიქები ბოლომდე შეავსო კონიაკით   და ბოლომდე დაცალა...

ნათელში იყოს!  დურსუნმაც  ჭიქა ბოლომდე შესვა...

მადონა თბილისში არ უძებნია, გოგა კი  ერთხელ მოაგონდა.  სახლის რემონტის დროს, ძველი ნივთების სხვენზე ატანისას მის  მიერ ნაჩუქარ მავთულებისგან დაწნულ თევზს გადააწყდა. მოეჩვენა, რომ თევზის ინდური ცისფერი მრგვალი ქვისგან გაკეთებული თვალი გოგასავით თბილად და კეთილად უმზერდა მის დაძაბულ სახეს...

დავით მალიძე

2021 წელი

Login icon