ჰიპერკალიემია 

ჰიპერკალემია

კითხვები კარდიოლოგს:

კითხვა: ბატონო დავით ვარ 67 წლის, 10 წელია მაქვს მაღალი წნევა, მაწუხებდა თირკმელები, ბოლო ხანებში ვიღებ კორენიტეკს, რომლის შედეგადაც წნევა ნორმალური გახდა მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვიცდი საერთო სისუსტეს, კუნთების მოდუნებას   გადავიღე კარდიოგრამა. ექიმმა მითხრა გულის ბლოკადაა ქრონიკული, და არაფერი არა უნდაო, სისუსტე მაგნიტური დღეების ბრალიაო. სისუსტე არ გამდის გუშინ გულის რევის შეგრძნებაც დამეწყო. იქნებ მითხრათ რისის ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ ვიმკურნალო?>>>

პასუხი: გამარჯობათ ბატონო კოტე. ეკგ–ზე ჰისის კონის ფეხის ბლოკადა კი არის გამოხატული მაგრამ მის გარდა აქ ჩანს  QT ინტერვალის გახანგრძლივება, წვეტიანი და გაფართოებული   T კბილები, P კბილი არ ჩანს და სადაც ჩანს PR ინტერვალი გახანგრძლივებულია, QRS  კომპლექს უცნაური ფორმა აქვს, ყველაფერი ეს თქვენ ჩივილებთან  ერთად (სისუსტე, კიდურების მოდუნება, პირღებინების შეგრძნება) მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზულად გამოხატული ჰიპერკალემია, ანუ კალიუმის ჭარბი დაგროვება სისხლში. რაც დიდი ალბათობით გამოწვეულია თირკმლის უკმარისობით (ანამნეზში თქვენ ახსენეთ რომ გაწუხებდათ თირკმელები). ამ დრო არ შეიძლება აგფ ინჰიბიტორების (კორენიტეკის) მიღება არტერიული წნევის დასარეგულირებლად, რადგან ზრდის კალიუმის რაოდენობას სისხლში. უნდა გითხრათ რომ ეს მდგომარეობა სახიფათოა სიცოცხლისთვის, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს გულის გაჩერება. ჩემი რჩევაა შეწყვიტოთ კორენიტეკის მიღება და სასწრაფოდ გამოიკვლიოთ კალიუმის და საერთოდ ელექტროლიტების რაოდენობა სისხლში, მიიღოთ კარდიოლოგის და ნეფროლოგის კონსულტაცია. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

დოქტორი დავით მალიძე